воскресенье, 23 октября 2011 г.

დასაწყისისთვის


დაკვირვებიხარ? დაწყება ყოველთვის რთულია... ახალი რაღაცის დაწყება, ცოტათი უცხოსიც... და არაუცხოსიც, მაგრამ ახალის... ახალი დღე, ახალი იდეა, ახალი ბლოგი, ახალი პოსტი, ახალი ცხოვრებაო იტყვის ვიღაც... ალბათ იმიტომ, რომ ახალი პირველად ითვლება და ყველაფერი პირველი, როგორც წესი, კარგი უნდა იყოს. ხოდა, იმდენად გვინდა ეს "კარგი", რომ დაწყება გვიჭირს, ვაითუ ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც საჭიროა.

საერთოდ, რა არის "კარგი"? ჩემთვის ეს სიტყვა ხანდახან სიმართლის სინონიმია, ხანდახან კი უბრალოდ, უშუალობა მიმაჩნია კარგად. ზოგადად, თამაში არ მიყვარს, ანუ ეს ჩემთვის "კარგის" ანტონიმია. ხოდა, რადგან მინდა პირველი პოსტი და ზოგადად ეს ბლოგი იყოს "კარგი", მოდი, არ ვითამაშებ და პირდაპირ ვიტყვი სათქმელს.

მსგავსი ბლოგის გაკეთება რამდენიმე წელია მინდა. სასაცილოა, რა მიშლიდა ხელს? ალბათ ის, რომ მოულოდნელად პირადი ბლოგი "შემომერეგისტრირა" და შესაბამისად, იქ იშვიათად ვწერდი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე, ძირითადად ჩანახატების მგავს აფსურდებს ვუთმობდი დროს და ადგილს.

ვიცოდი, რომ ოდესღაც მაინც დავარეგისტრირებდი ამ ბლოგს და ბარემ ახლა, სოციალური მედიის კურსის ფარგლებში გავაკეთე. უფრო მეტი სიცხადისთვის, ვიტყვი, რომ ილიაუნის სტუდენტი ვარ, ჟურნალისტიკის მაგისტრანტი და ერთ-ერთი საგანი არის სოციალური მედიაც.

ილიაუნიმდე ბათუმში ვსწავლობდი, შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტში. იქაც ჟურნალისტიკა დავამთავრე. რად უნდა ჟურნალისტიკას ექვსი წელი სწავლაო - იკითხავს ვინმე და მართალიც იქნება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბათუმში მიღებული განათლებიით არ ვარ კმაყოფილი, არ ვთვლი, რომ ბევრი ვისწავლე და მყარად ვდგავარ, როგორც ჟურნალისტი. ამიტომაც მოვედი ილიაუნიში, მინდა ვისწავლო და მერე რამე გამოვა წესით.

სანამ ბათუმში ვიყავი, ერთ წელზე მეტხანს ვმუშაობდი გაზეთ "ბათუმელებში", მაგრამ მაგისტრატურის გამო თბილისში გადმოვინაცვლე და "ბათუმელებიდანაც" წამოვედი, რადგან რეგიონული გაზეთისთვის დედაქალქიდან ვერ ვიმუშავებდი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტერნეტ გამოცემა netgazeti-ge-ზე ვიყავი სტაჟიორად. ახლა არსად ვმუშაობ და მთელი ენერგია სწავლაზე მიდის :-) თუმცა, ვცდილობ ვიპოვო რამე, სადაც მეც დავიხვეწები, ვისწავლი რაღაცეებს და ცხადია, ფინანსებიც არ მაწყენს.

რაც შეეხება ამ ბლოგს, უკვე ვთქვი, რომ სოციალური მედიის ფარგლებში გავაკეთე, თუმცა, აქამდეც ვფიქრობდი. დავწერ ყველაფერზე, რაც "შემაწუხებს", რასაც მნიშვნელოვნად მივიჩნევ. თუმცა, შევეცდები ეს ყველაფერი გავაკეთო ისე, რომ ეთიკური სტანდარტები არ დავარღვიო. ვთვლი, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.

შენიშვნები რა თქმა უნდა მიიღება და ჯანსაღი კრიტიკაც. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი იმისთვის, რომ ნორმალურ (თუ არა "კარგ") ჟურნალისტად ჩამოვყალიბდე.

და კიდევ, აზრი არ უდრის ფაქტს ;-)

აბა ჰე, წარმატებები მე! ;-)