понедельник, 16 января 2012 г.

"რეიტუზებში" დარჩენილი ერეკლე დეისაძე

მისი თილისმა ხის პატარა ჯვარია, რომელსაც სულ თან ატარებს. წიგნი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა – “ახალი აღთქმა”. ილია ჭავჭავაძის მადლობელია, რომ დღეს ქართულად წერს. სკოლის ბოლო ზარზე ჩოხა-ახალუხი ეცვა. ღმერთის სწამს, ოღონდ მღვდლები არ უყვარს.

ქუთაისის ერთ-ერთ გაზეთს ერთხელ მასზე დაუწერია:

"1990 წლის 2 აპრილს დაიბადა, ღმერთმა დალოცოს მისი დაბადების დღე, რადგან ერეკლესნაირები ბევრი უნდა იბადებოდეს. დედ-მამა, ტატიანა ბენდელიანი და გალაქტიონ დეისაძე კმაყოფილი არიან ვაჟიშვილით, ერეკლე რომ კარგი მოსწავლეა ეგ არაფერი, უკვე კარგი პოეტიც არის. პოეზიაში პირველი ცდები დამოუკიდებლად ჩაატარა, მერე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ შემოქმედთა წრეში გაერთიანდა. ქალბატონ მარი ხვედელიძის ხელმძღვანელობით ეზიარა ჭეშმარიტ მხატვრულ ლიტერატურას. წლების მატებასთან ერთად ღვინდებოდა მისი ლექსი და პროზა, იბეჭდებოდა ქუთაისისა და რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში, ბოლო წლებში ორი პოეტური კრებულიც გამოსცა, მართალია, მის პოეზიას ჯერ-ჯერობით მაჭარხანის პერიოდი აქვს, მაგრამ გვჯერა, მალე დაღვინდება, დაიძარღვება და ისეთ ლექსებს დაგვიწერს, ხალხი სიმღერად აიტაცებს."


ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ჟურნალისტის წინასწარმეტყველება ახდა. სულ რამდენიმე წლის წინ ერეკლეს ტექსტები სიმღერად იქცა და ბევრი გულწრფელად თუ ირონიით, მაგრამ მაინც ღიღინებდა:

"მოდი ჩემო პრეზიდენტო,
მაკოცე ლოყაზე,
ხომ იცი, რომ მე არ ვფიქრობ
დღეს შენს მოკლვაზე."

პატარაობისას ყურადღების მისაქცევად კედელს ურტყამდა თავს, ახლა ამისთვის ლიტერატურას და მუსიკას იყენებს.

აკაკი წერეთლის სკოლა დაამთავრა ქუთაისში და 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა თეატრალურ უნივერსიტეტში, რეჟისურაზე.

ერეკლე დეისაძე თბილისში ნათესავეთან ერთად ცხოვრობს. ჩემს შესახვედრად გაჩერებამდე ამოდის და მერე ჩქარი ნაბიჯებით მიძღვება სახლისკენ. ამჯერად ერეკლეს დედას, ტატიანა ბენდელიანს უნდა ვესაუბრო. სანამ საუბარს დავიწყებდეთ, ქალბატონი ტატიანა მიყვება იმ პერიოდზე, როცა “საიდუმლო სირობის” გამო ერეკლეს და მთელ ოჯახს რეალური საფრთხე დაემუქრა. ამბობს, იმ დღეებში რომ არ მოვკვდი, აწი რაღა მომკლავსო. ერეკლე ტელევიზორთან ტრიალებს და რომელიღაც არხის დაჭერას ცდილობს. დედის ამ სიტყვებზე თავს აკატუნებს და ამბობს – “აბა, აბა, დაგვღუპა, დაგვღუპა!”-ო და მერე იცინის.

განსხვავებული და რთული ბავშვი იყო, თავისი პრინციპები ბოლომდე უნდა გაეტანა. ხატავდა კიდეც, მაგრამ მერე შეეშვა. სულ პატარა იყო, როცა მისი პირველი, ხელნაწერი ლექსების კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. ცელქი ბავშვი არ ყოფილა, პირიქით, ხანდახან ზედმეტად დინჯიც იყო. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ რთული ხასიათისაა, მარტივად ვერ შეკადრებ საყვედურს და სხვაგვარი მიდგომა სჭირდებაო. დედაც მაქსიმალურად ცდილობდა გაეგო მისთვის და ეგუებოდა განსხვავებულ ვარცხნილობას, ჩაცმულობას და იმიჯს.

კითხვა უყვარდა და “ლიტერატურული პალიტრის” ყველა ნომერს ყიდულობდნენ მისთვის. “უქარქაშო ხმლები” და “დათა თუთაშხია” გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი საყვარელი ნაწარმოებები იყო. თუმცა დღეს ამბობს, რომ ეს ტყუილია – “როცა ვუთხარი დედაჩემს რაღაც წამაკითხე-მეთქი, სანიკიძე მომცა პირველი და მერე ჭაბუა ამირეჯიბი. ”დათა თუთაშხია” ყველაზე საზიზღარი წიგნია, რაც კი დაწერილა საქართველოში. როცა 10 წიგნი გაქვს წაკითხული, “იასნა”, მაგარია. მაგ დროს რაღაც ძალა და წონა შეიძლება ჰქონდეს.”

პატარაობისას სტუმრებთან გამოდიოდა და ხმამაღლა ამბობდა ლექსებს სამშობლოზე. ერთ-ერთ საბავშვო კონცერტზე კი დარბაზიდან სცენაზე ავიდა და რეკლამიდან დაზეპირებული ტექსტი იმღერა – “აგიხდება ყველა ოცნება”. ახლა თავისი ჯგუფი აქვს და ასე მღერის:

"გიყვარდეს მტერი შენი,
ჩვენ გვიყვარს ჰარი პოტერი!"

ერთხელ ქართულის მასწავლებელმა შენიშვნა მისცა, რის გამოც იკამათეს. მასწავლებელმა ერეკლეს დედას უთხრა შენი შვილი ფსიქიატრიულშია წასაყვანიო. მას შემდეგ იმ სკოლაში აღარ მისულა. პირველ გიმნაზიაში გადავიდა. კლასის დამრიგებელმა ბავშვებს წარუდგინა როგორც პოეტი ბიჭი. პირველი შთაბეჭდილება პოზიტიური არ ყოფილა - “გამოიყურებოდა საშინლად... ასე რომ პირველი შთაბეჭდილებაც საშინელი იყო... უგემოვნოდაც ეცვა. ახლა კონკრეტულად ვერ ვიხსენებ რა არ მომეწონა, მაგრამ მახსოვს, რომ პირველი შთაბეჭდილება საშინელი იყო. თავიდან საკმაოდ წყნარად იყო, მერე შემოვიდა კონტაქტში. როგორც მახსოვს, ჩვენი პირველი საუბრის თემა მუსიკა იყო. რადიკალურად განსხვავებული გემოვნება გვქონდა ადრე, მე ვროკერობდი, ის რეპს უსმენდა, ქართულს. ნელ-ნელა დავახლოვდით და ბოლოს სულ ერთად ვიყავით მე, ეკო და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. ძირითადად ჩემს სახლში ვიკრიბებოდით, “სხადნიაკი” დავარქვით. ყოველ დღე იქ ვიყავით. მუსიკას ვუსმენდით, ვსვამდით, ფილმებს ვუყურებდით, ვერთობოდით...” – ამბობს ერეკლეს მეგობარი, ალექსი.

სიმთვრალეში შარიანი არაა, უბრალოდ ღლაბუცობსო, ამბობენ მეგობრები. ღლაბუცობა კი შეიძლება იყოს კურტ კობეინის მელოდიების შესრულება ქართულად, სითბოს გამოხატვა ან სულაც მეგობრის დაჭრა ჩანგლით. “მეძინა და რამდენჯერმე გამაღვიძეს, თან მირტყამდნენ, ხუმრობით, მაგრამ მაინც. უცებ რაღაცა გადამეკეტა და ჩანგალი ავიღე სუფრიდან, გადავიხარე და მოვიქნიე, ხელში ჩავარჭე. ვაღიარებ, რომ ცუდად მოვიქეცი. კიდევ კარგი დანა არ იყო, უარესი შედეგი შეიძლება ყოფილიყო.” – ამბობს ერეკლე და მცირედი პაუზის შემდეგ ამატებს – “მაგ თემაზე საუბარი არ მინდა”.

ერეკლე დეისაძეს ქუთაისში “საიდუმლო სირობამდეც” იცნობდნენ. ჯვარიც ციხიდან გამოსულმა კანონიერმა ქურდმა აჩუქა, მსმენია შენი ამბები და არანაირი პრეტენზია არ მაქვსო – “შენთვის გავაკეთე და მინდა სულ თან ატაროო. იმის მერე ყოველთვის თან დამაქვს. შეიძლება მიცავს კიდეც, რაღაცეებში მიმართლებს, მაგრამ ჯვარს ვერ დავაბრალებ.”

“ჰყავდა ისეთი მეგობრებიც, ქუჩაში რომ იდგნენ და ჰყავდა ისეთიც, ვინც ბევრს კითხულობდა. როცა ვეუბნებოდი, რომ არ მომწონდა მისი მეგობრები, მპასუხობდა - ყველაფერი უნდა გაიგო და ისე გააკეთო დასკვნებიო” – ამბობს ტატიანა ბენდელიანი.
თვლის, რომ მათგან ბევრი რამე ისწავლა, ადამიანების ცნობა და მათთან ურთიერთობა – “თავიდანვე ვიცოდი, რომ ამ გზას არ გავყვებოდი, რადგან ომის მოგება ძალადობის გარეშე, სიყვარულითაც შეიძლება. ლიტერატურა და მუსიკა უფრო მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე ეს სამყარო. ამ ადამიანებს თავისი ხიბლი მაინც ჰქონდათ. ყველა ადამიანმა შეიძლება რაღაც გასწავლოს და ყველა ადამიანს შეიძლება რაღაც ასწავლო, ეს არის გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა. მე მათი შეცდომებით ვისწავლე რაღაცეები და მერე იგივე შეცდომები არ დამიშვია.”

სერიოზული გარჩევებიც ჰქონია, იარაღით. ამას დღემდე ნანობს, შეიძლებოდა თავიდან აცილებაო. თუმცა თვლის, რომ ამანაც ბევრი რამე ასწავლა.

კონფლიქტური არაა. თუ მაინც შეიქმნა ასეთი სიტუაცია, დიპლომატიურ მიდგომას ამჯობინებს. თუ არ გაჭრის, თავს არ დახრის, რადგან მიაჩნია, რომ თუ ერთხელ დახრი თავს, უნდა შეეგუო, რომ სულ დაჩაგრული იქნები. “ხანდახან ახლაც გამოანათებს ხოლმე ეკოს ძველბიჭური მხარე და მაშინ პირად ურთიერთობაშიც გრძნობ, რომ ეს ძველი ბიჭია. ვიცი ხალხი, ვისთანაც კონფლიქტი აქვს. მიზეზი ეკო არ იყო. თუმცა, ხანდახან ისეთი უტაქტოა, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი. ძალიან პირდაპირია და გინება უყვარს ნამეტნავად. საერთოდ, ხელოვანი და მისი ტექსტი თითქმის ყოველთვის განსხვავდება ხოლმე. თუ ტექსტებში მთელ მსოფლიოს ომში იწვევს, ისე ძალიან რბილი და თბილია. მტრები შეიძლება ჰყავდეს. თვითონ იწვევს ტიპი, მე მგონი გოგოების გარდა ყველას იწვევს. გარყვნილი ბაბნიკია.” – ამბობს პაატა შამუგია.

თვითონ არ თვლის რომ ბაბნიკია. თუ ერთი შეუყვარდა, გამორიცხულია სხვის მიმართ გაუჩნდეს მსგავსი გრძნობა. მსგავს საკითხებში ყოველთვის გულწრფელი და გახსნილია, რადგან ტყუილი არ უყვარს და ძალიან უსიამოვნო იქნება მის გამო თუ ვინმე ცუდად იგრძნობს თავს - “თუ რამეს მალავ, ურთიერთობაში საბოლოოდ მაინც იჩენს თავს. თუ აპირებს ურთიერთობას, ჯობია იცოდეს როგორი ხარ. სხვა ქალთან რომ მქონდეს ურთიერთობა, აუცილებლად ვეტყვი, ან შევუთანხმდები, რომ ასე ვაპირებ, იყო ასეთი შემთხვევაც.”

შეყვარებული ეკო მეგობრებს არ უნახავთ. პაატას არც სჯერა, რომ შეუყვარდება ოდესმე. მხოლოდ სექსი, გართობა და დალევა – “თუმცა, ხანდახან მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი ნიღაბი. ხომაა აზრი, რომ ჰიპერაქტიური ადამიანები განსაკუთრებით დეპრესიული და მგრძნობიარენი არიან. მგონია ეკოს შიგნითაც ასეთი იმალება. სისუსტეები ყველას აქვს და ამ სისუსტეების გამოც წერენ ძირითადად, კომპლექსების გამო. რაც მეტია კომპლექსი, მით უკეთესი მწერლისთვის. და ეკოს აქვს ეს კომპლექსები...”

შეყვარებული იყო, ორჯერ. ოთხი წელი უყვარდა ერთი გოგო. ამბობს, რომ გააწამა, მაგრამ ბევრი რამ ასწავლა, რასაც დღემდე იყენებს ადამიანებთან ურთიერთობაში და რითაც დღემდე საზრდოობს. კლასიკაც პირველად მან წააკითხა. მისთვის წვიმაშიც მოხვედრილა და საჩუქრებიც უყიდია. ძირითადად წიგნებს ჩუქნიდა, მერე ართმევდა და აღარ უბრუნებდა – “თავის დაფასება და რაღაცეები ჰქონდა, ახალ ძალებს ვპოულობდი ჩემში მაგისთვის. ბევრ დათმობაზე წავსულვარ, ბევრ სისულელეს ვაკეთებდი. ერთხელ მის სახლში წვიმაში მივედი ფეხით. ტრანსპორტი არ იყო, ტაქსის ფული კი არ მქონდა. თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი. რაღაც გაფრენები მემართებოდა მაგის გამო. მაგრამ მასწავლა, რომ რაც უფრო დააიგნორებ, მით უფრო გამოგეკიდებიან. მისივე მეთოდებით დავიწყე მოქმედება და ბოლოს გაიცრიცა ურთიერთობა. საბოლოოდ ახლო მეგობრებად დავრჩით და წარსულის ხათრით ახლაც ვძმაკაცობთ. მთავარია, რომ არ ვნანობ არაფერს და საჭიროც იყო ალბათ.”

ერეკლეს ამჟამინდელი სიყვარულის ობიექტის პოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბოლოს პირდაპირ მას ვთხოვე კოორდინატები. მითხრა, რომ ახლა შეყვარებული არაა, უბრალოდ არიან ადამიანები, რომლებთანაც პერიოდულად აქვს სექსი. მოგვიანებით ფეისბუქზე ასეთი წერილი დამხვდა: “ეს გოგონა მომწონს ამჟამად”. წერილს ფეისბუქ პროფაილის ლინკიც ახლდა.

“ეს გოგონა” თაკოა. ამბობს, რომ ერეკლე ძალიან პირდაპირი და გულწრფელია, ემოციის გამოხატვა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. როცა რაღაც ძალიან კონკრეტულზე და პრაკტიკულზე ესაუბრები, შეიძლება უცებ მოგწეროს რომ ახლა ძალიან უნდა შენს გვერდით ყოფნა, ისე, უბრალოდ, გვერდით ჯდომა. საუბარში ხშირად იყენებს მოფერებით სიტყვებს და უყვარს ჩახუტება. “მისი დაქალის სახლში ვიყავით, მშიოდა. კარტოფილი მოიტანა ჯამით, დაჯდა და დაიწყო გათლა. მე ხელი არ დამაკარებინა. მერე შეწვა, თეფშებზე გაანაწილა, რომელზეც მეტი იყო ის მე მომცა.”

მჭადი და ყველი უყვარს. შეუძლია გამოაცხოს მჭადები და მერე ხელით, გემრიელად შეექცევა. თუ რამე კერძის მომზადება უნდა და არ იცის, დედას ურეკავს ქუთაისში. მზარეულობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი ჰობიც იყო. ინტერნეტიდან იღებდა რეცეპტებს ან თვითონ იგონებდა და ამზადებდა. მერე თავისი მოთხრობების სახელებს არქმევდა და მეგობრებს ეპატიჟებოდა. თვლის, რომ კარგად გამოსდიოდა ეს საქმე და საერთოდაც, თუ რამე საქმე მოსწონს და იხარჯება, საშუალოზე კარგად გამოსდის. აღიარებს, რომ ზარმაცია და გაცილებით მეტი შეუძლია. თუმცა ეს წერას არ ეხება, რადგან შეუძლია ერთ ფრაზას მთელი დღე უტრიალოს მაქსიმალურად კარგი შედეგისთვის. არ თვლის, რომ ჯერ რამე გააკეთა – “საქართველო გოიმი ქვეყანაა იმითაც, რომ ჩემი წიგნი ბესტსელერი გახდა, გააფეტიშეს და ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო. ეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ყურადღებასაც არ მიაქცევდნენ.”

საოჯახო საქმეები არ ეხერხება, არც უსწავლებიათ, უფრო განათლებაზე აკეთებდნენ აქცენტს მშობლები. თუმცა, თუ დედას ადრიანად უხდებოდა სამსახურში წასვლა, ერეკლეს დასარეცხი ჭურჭელი და დასალაგებელი სახლი არასდროს დაუხვედრებია მისთვის.

ბოლო ზარზე ჩოხა-ახალუხით მივიდა – “ყველას შარვალ-კოსტუმები ეცმეოდა და მინდოდა განსხვავებული ვყოფილიყავი. თან მანამადე გადარეული და პანკი როჟა ვიყავი, ტრადიციების მტერი – ასეთი იმიჯი მქონდა. მინდოდა ეს დამემსხვრია. ერთგვარი პერფორმანსი იყო.”

ფოტო ფეისბუქის პროფაილიდან :)

“ერეკლეს ჰქონია, რომ ყურადღებისთვის არსებობს კონკურენცია და ზოგადად კონკურენციის პირობები, წესები, მოქმედებს ყურადღების მოპოვების დროსაც.” – ამბობს გიორგი ხასაია.

ყურადღების ცენტრში ყოფნა რომ უყვარს, ყველა მეგობარი ამბობს. თუმცა უჭირთ დასახელება კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს. “პირადად შეხვედრიხარ ეკოს?” – მეკითხება ალექსი. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ კვლავ მისვამს კითხვას – “მარტო?”. ვპასუხობ, რომ ერთ ან ორ ადამიანთან ერთად. “აი, ხალხთან ერთად შეხვდი და მივხვდები რას ვგულისხმობ...”

უყურადღებობა სწყინს და იმის გაცნობიერება, რომ თვითონ ბევრს გასცემს და უკან იგივეს არ იღებს. როგორც თაკო ამბობს, მესაკუთრეა. არ სიამოვნებს სხვა ადამიანები “მისი ადამიანის” გარშემო და ამბობს კიდეც ამას. რამდენადაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, იმდენად ცდილობს იყოს ყურადღებიანი თვითონაც. პატარაობისას შემთხვევით გაიგონა, რომ დედა ახალგაზრდობაში ჰერბარიუმებს აგროვებდა. ყვითელი გვირილები რვეულში ჩააწყო და დაბადების დღეზე, დეკემბერში აჩუქა.

ფობია და არანაირი შიში არ აქვს. ყველა შიში მაშინ დაძლია, როცა მე-9 კლასში მარტომ იჩხუბა 30 ადამინის წინააღმდეგ. ამას ყველაზე მაგარ გმირობად მიიჩნევს, რადგან საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ იმ 30-ზე ძლიერია.

“ერთხელ შეემთხვა რაღაც ქუთაისში და რომ მიდიოდა ჩხუბში არ შეშინებია. არ დამორჩილდება ეგ იმის გამო, რომ შეიძლება მაგაზე იძალადონ. არც ძალადობის მერე. შეიძლება რაღაცეებიდან თავი დაიძვრინოს, რაღაცეებს გაექცეს, მაგრამ თუ წავა პრინციპი, არ დათმობს. არსებობს მასის ნაწილი რომელიც თვლის რომ სასარგებლოა თუ ადამიანს ეტყვი რამე შეურაცხმყოფელს და ის არ დაგარტყამს. ამ მასას ნამდვილად არ მიეკუთვნება.”, ამბობს გიორგი ხასაია.

დეისაძე უშიშარი რომ იყო, ეს პაატა შამუგამ მათი პირველი შეხვედრიდანვე დაასკვნა. “ბროსეს ბაღში გავიცანი, ვსვამდით და ჩემმა მეგობარმა მოიყვანა ეკო. მახსოვს, დავინახე მოდის ვიღაც, ნახევარი თავი გადაპარსული და ნახევარზე ზღარბუნიები აქვს. გამიკვირდა, ეს როგორ დადის აქ გაულახავი თქო. 2000-იანი წლები იყო, ამ დროს ასეთი ტიპებისთვის საშიში იყო გარეთ სიარული.”

...ვზივართ ოთახში მე, ეკო და ბადი - ეკოს მეგობარი. ინტერიერის გარჩევა სიგარეტის კვამლის გამო თითქმის შეუძლებელია. მეორე ოთახიდან ირაკლი ჩარკვიანის მელოდია ისმის. ბადი და ეკო რამდენიმე წელია იცნობენ ერთმანეთს. როცა ბადი ბრაზდება, იგინება და ეკო ერთადერთია, ვინც ბოლომდე ისმენს ამ ყველაფერს. ერთხელ ბათუმში, პლიაჟზე დალიეს. მხოლოდ ერეკლე დარჩა დილამდე ბადისთან და გინებას ისმენდა. მერე ბადიმ ჭამა “ბორჩში”, მარტომ.

ერეკლე სიგარეტის მორიგ ღერს უკიდებს და ამბობს, რომ ცხოველები უფრო უყვარს, ვიდრე ადამიანები, რადგან ძაღლმა შეიძლება უფრო გიერთგულოს, ვიდრე ადამიანმა. “საიდუმლო სირობის” შემდეგ აღმოაჩინა, რომ ადამიანები, ვისაც მეგობრებად მიიჩნევდა, დაიბოღმენ - “დავკარგე ამ წიგნის გამო ვიღაცეები. მივხვდი, რომ ყველას არ უნდა ენდო, ამ წიგნმა მაგ მხრივ გამზარდა პირველ რიგში, ბევრი რამე მასწავლა, შუშასავით გამჭვირვალე გახდა ირგვლივ ყველაფერი და ყველა ადამიანი.”

ვეკითხები ყველაზე მეტად ვინ გიყვარს მეთქი. საკუთარი თავიო, მპასუხობს დაუფიქრებლად. მცირედი პაუზის შემდეგ ამატებს – “დედა... და ძმა, ძმაც მიყვარს...”.
ლაშას სიყვარული ბავშვობაშიც დაამტკიცა, როცა მძინარეს კვახს აჭმევდა. უმცროსი ძმისადმი მზრუნველობას ახლა სხვაგვარად ავლენს. ხანდახან ეკამათება კიდეც და ურჩევს ბევრი იკითხოს, კონკრეტულ ლიტერატურასაც აძლევს. ლაშას მეგობრებთან ერთად ჯგუფი აქვს, “ოჩოს ქოხი”. ჯგუფის ერთ-ერთი გამოსვლა ერეკლეს ისე მოეწონა, სცენაზე ავარდა და უკან ცეკვავდა. ერთმანეთს კარგად უგებენ და საერთო მეგობრებიც ჰყავთ. ამბობს, რომ თუ საჭირო გახდა, ლაშას გამო შეუძლია თავიც გაწიროს.

“რეალურად ეკო არის ტიპიური ქართველი მამაკაცი, პარტიარქალური საზოგადოების წევრი, დედ-მამის მოყვარული. ძმა ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს. ძალიან მგრძნობიარეა მაგ ამბავში. მე მგონი ეკო არის კარგი ქრისტიანი. უბრალოდ არ დადის ეკლესიაში და მღვდლები არ ევასება. თამამად წერს ქრისტეზე. მე მგონი ეს არის ღმერთთან მისასვლელი საუკეთესო გზა, როცა ღმერთი არის შენი ძმაკაცი. და ეკო ძმაკაცობს ღმერთთან. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მორწმუნე შეიძლება იყოს. დარწმუნებული, ვარ, რომ ცხოვრების რაღაც მომენტში იქნება ასკეტი და მოინანიებს რაღაცეებს. თუმცა ახლა არ თვლის, რომ რამე ცოდვები აქვს.”

ოჯახის წევრების დაბადების დღეები ყოველთვის ახსოვს და თუ ქუთაისში არაა, ტელეფონით მაინც ულოცავს. გადაწყვეტილებებს მათგან დამოუკიდებლად იღებს, თუმცა საქმის კურსში ყოველთვის აყენებს. თუ სადმე გამოსვლა აქვს და ჰონორარს მისცემენ, დედას ურეკავს. ეუბნება, რომ ფული აქვს და არ ინერვიულოს. ერთადერთი, რაშიც მშობლების ჩარევა არ უყვარს, ეს მისი შემოქმედებაა.

ერეკლე დეისაძის ბავშვობის ფოტო (ფეისბუქის პროფაილიდან :))

თვლის, რომ მშობლებს აწყენინა, როცა “საიდუმლო სირობა” დაწერა - “მაგრამ საკუთარი თავი უფრო მიყვარს, ჩემი თავის პოვნა ნებისმიერის დაკარგვად მიღირს. მე უკვე ვიპოვე საკუთარი თავი და ვიღაცეები დავკარგე. თუ შენს თავს იპოვი, ამან არ უნდა გააღიზიანოს არც ერთი შენი კეთილისმოსურნე. ვინც გაღიზინდა, ისინი გავუშვი.”

ვეკითხები სხვებისგან რითი გამოირჩევი მეთქი. ღიმილით მპასუხობს, დიდი თავი მაქვსო, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. კიდევ უშიშარი ვარ და არაფერს ვნანობო. თვლის, რომ ადამიანმა რაც არ უნდა გააკეთოს, თუ მას ის ყველაფერი იმ მომენტში სიამოვნებს, მერე აღარ უნდა ინანოს.

“საბოლოოოდ მაინც ბავშვად დავრჩი, ვგრძნობ. რაც არ უნდა ბევრი რამ ვნახო, ვისწავლო და შევიმეცნო, რეიტუზებში რომ ვისვრიდი ბავშვობაში, იქ დარჩენილი დეისაძე ვარ. ისეთი განცდები მაქვს, შეიძლება ბევრს გაუკვირდეს...”


среда, 2 ноября 2011 г.

"რეპორტაჟი" გორიდან


მარშუტკა ოთხ საათზე გამოდის, მარა სამზე უკვე დიდუბეში უნდა იყო რომ არ გამოგასწროს” – მწერს გორიდან ნათესავი.

ოთხ საათზეც ძლივს მივედი. ჩემს მეგობარს და თან თანამგზავრს ორი ადგილი ვერანაირად, მაგრამ ერთი შეენახა. ხალხი მართლაც ბევრი იყო. “სიდენიებსშორის ჩადგმულ სკამზე იაკო მოთავსდა, მე კალთაში ჩავუჯექი და გავუყევით გორისკენ მიმავალ გზას.

როგორც კი გავცდით ცენტრალურ გზას, ასფალტის რაოდენობამაც იკლო, რის გამოც მგზავრობა საშიში გახდა ჩემი თავის და იაკოს მუხლებისთვის. გვერდით მჯდომი 50-60 წლის მამაკაცი ძლივს იკავებდა სიცილს, რომელიც მის სერიოზულ სახეზე რაღაცნაირად არაბუნებრივი იყო. “მარშუტკისმიღმა მიკარგული მისი ცარიელი, უარაფრო მზერა და მთლიანად შავი ფერის სამოსი თავისთავად იწვევდა ინტერესს, რომლის დაკმაყოფილება ფაქტიურად გამორიცხული იყო.

როგორც კი ერთი სკამი გათავისუფლდა, ამ კაცმა უჩვეულოდ სხარტად და თბილად, თუმცა მკაცრადმირჩიადროულად დამესაკუთრებინა ცარიელი ადგილი.

სოფელ ნიქოზს როგორც კი მივუახლოვდით, ორი ჯარისკაცი გამოჩნდა. მძღოლმა მანქანა გააჩერა და მორჩილად გააღო კარი, რათა ჯარისკაცებს მგზავრების პასპორტები და პირადობის მოწმობები ენახათ. რამდენიმეს უბრალოდ თვალი გადაავლეს, ზოგი კი კარგად შეისწავლეს. დეტალურად გამოგვკითხეს სად მივდიოდით და ვისთან.

- ზემო ხვითი, ივანაძეებთან!პატაკივით ჩავაბარე მე.

- ბიჭო, ხვითში ივანაძეები არიან? – გასძახა ერთმა მეორეს აქაურობისთვის დამახასიათებელი კილოთი.

მგზავრები ახმაურდნენ თანხმობის ნიშნად და ჯარისკაცმაც უკმაყოფილოდ გაიხურა კარი, რასაც ერთ-ერთი ქალის რეპლიცა მოჰყვა:

- რეციდივისტები აღმოაჩინეს ეს ბავშვები რა!

- რა ტყუილად უხდიან მაგათ ხელფასსგააგრძელა მეორემ.

მარშუტკამთუხთუხით განაგრძო გზა სოფლის შარაგზაზე, სადაც ვაშლებით დატვირთული სხვადასხვა სახის ტრანსპორტის ხილვა ნამდვილად არ წარმოადგენდა იშვიათობას. ყველაზე აღქმადი და დასამხსოვრებელი მაინც ფერადი, წითელ-ყვითელი ვაშლებით სავსე დიდი სატვირთო მანქანა იყო.

გაჩერებაზე უკვე გველოდნენ. ჩვენც თამამად შევაბიჯეთ რკინის დიდ ჭიშკარში, რომლის ერთი ნაწილი ჭურვს გაეხვრიტა.

მარტო ამ უბანში ომის დროს ათი ადამიანი დაღუპულა. ომი რომ დაიწყო, ერთ, შედარებით უსაფრთხო სარდაფში შეკრებილან მეზობლები. როგორც კი შესაძლებლობა გამოჩნდა, გამოიქცნენ. დიდი ნაწილი (ძირითადად მამაკაცები) მაინც სოფელში დარჩა, სახლები არ მიატოვეს. ჩვენი მასპინძლის ოჯახის თავებიც ანალოგიურად მოიქცნენ.

ეზოში ორი სახლი ედგათ. ერთი, ახლადგარემონტებული, ჭურვს ემსხვერპლა საოჯახო ტექნიკითურთ, მეორე მეტ-ნაკლებად გადარჩა და ახლა აქ ცხოვრობენ. ორსართულიანი სახლის ქვემოთ სარდაფია, რომლის შესასვლელთან საშუალო ზომის თონეა. აქ ყოველდღიურად ცხვება პური და ის უგემრიელესი ხაჭაპურებიც, რომლებიც გორში ჩასულებს დაგვხვდა. ამ და სხვა “საპატიო” მიზეზთა გამო, იმ დღეს სხვა ვერაფერი ვნახეთ.

მეორედილაბაღში ჩასვლით დაიწყო სამაგიეროდ. აღმოჩნდა, რომ ვაშლის დაკრეფის სეზონი უკვე ამოიწურა და სპეციალურად ჩვენთვის რამდენიმე ხე შემოინახეს ახლოს მდებარე ბაღში. ჩვენც სიამოვნებით გავიცანით სხვადასხვა ჯიშის ვაშლი და რა თქმა უნდა დავაგემოვნეთ. მართალია, ჩვენ ყველა მათგანი მოგვეწონა, მაგრამ ეს მოსავალი თურმე ცუდად ითვლება, რადგან ხეხილის მორწყვა ვერ მოახერხეს. ომის შემდეგ ოსებმა წყლის მიწოდება შეუწყვიტეს სოფელს და მხოლოდ წელს მოხერხდა თავიდან გაყვანა, მაგრამ ამ მოსავლისთვის უკვე გვიანი იყო. დავკრიფეთ კიდეც ვაშლი და შევეცადეთ ცოტათი მაინც მიგვეღო მონაწილეობა გორის შემოდგომაში, თუმცა უფრო ფოტოსესია გამოგვივიდა. ოჯახის თავი ჯერ დაგვცინოდა, მერე მორიდებით გვითხრანუ მომჭრით თავს და ჩემს ფოტოებს ნუ გამოფენთ ყველგანო.

გეგმისშემდეგი პუნტი სოფლის დათვალიერებას ითვალისწინებდა. გასვლამდე გვითხრეს კიდეც, რომ ადრე აქ სხვაგვარი სიტუაცია იყო, ახლა კი თითქოს ყველაფერი ჩამკვდარია. მართლაც, სოფელი თითქოს ნაცრისფერია, გარეთ მოსახლეობას იშვიათად შეხვდები და ბევრი სახლი მიტოვებულია. ნატყვიარი ჭიშკრების ახლომახლო ხანდახან ბავშვებს თუ შენიშნავ ესაა. ამ ტერიტორიაზე არ შეგვხვედრია სახლი, რომელსაც ტყვიის კვალი არ ეტყობოდა.

რამდენიმე კილომეტრში სოფელი ნიქოზია. ფეხით გავყევით იქითკენ მიმავალ გზას. სუსტი მზეა და შემოდგომისეულ სუსხს ვერ ერევა. შემოგომაა იგრძნობა არამარტო ვიზუალურად.

აქედან კარგად ჩანს ცხინვალი, კორპუსებიც კი ქალაქში. პერიოდულად პატრულის მანქანები ჩამოივლიან. ორი პოლიციელი სერიოზული და მშვიდი სახით ზის, რაღაცნაირად, დაცულობის შეგრძნება მეუფლება, რაც გზაში შემხვედრი ჯარიკაცების შემთხვევაში არ ყოფილა.

უკვე მოსაღამოვდა. ცხინვალის მხრიდან თითქოს ცა გაიხსნა, ისეთი ნათებაა. სოფელში არ იციან ეს რაა, “რაღაცას ცხინვალში ანათებენ” – არის პასუხი ჩვენს კითხვაზე.

საკმაოდ ცივა და თბილ სახლს ვაფარებთ თავს. “ფეჩთანვთბებით და ახლადმოხალულ მზესუმზირას შევექცევით. მერე მშვიდად გვეძინება, თითქოს აქ საფრთხე არასდროს არსებულა. არადა, სოფელი ამის შეგრძნებას ნამდვილად არ იწვევს, პირიქით... მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით რაა ომი, სახლის წინ ჩამოვარდნილი ჭურვი და იმის საფრთხე, რომ ყოველ წუთს შეიძლება დაკარგო საყვარელი ადამიანები.